Blog

იტალიური ენის XIX საერთაშორისო კვირეული – სევილიელი დალაქი

21-27 ოქტომბერს მთელი მსოფლიო საზეიმოდ აღნიშნავს ,,იტალიური ენის XIX საერთაშორისო კვირეულს“, რომლის წლევანდელი თემაა ,,იტალიური ენა სცენაზე“.
კვირეულის ფარგლებში იტალიის საელჩო, ,,დანტე ალიგიერის საზოგადოებასა“ და ,,ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრთან“ თანამშრომლობით, წარმოგიდგენთ თოჯინების ოპერის თეატრის -„მცირე პწკალა“ – სპექტაკლს ,,სევილიელი დალაქი“.
აღსანიშნავია, რომ სპექტაკლის ქართულენოვანი ტექსტი, რომელსაც წამყვანი იყენებს ოპერის შინაარსის მოსათხრობად და პატარა მაყურებელთან ცოცხალი დიალოგის დასამყარებლად, წარმოდგენილი იქნება იტალიური სუბტიტრების თანხლებით.
 
სპექტაკლის,,სევილიელი დალაქი“ მსვლელობისას პატარებს ეძლევათ უნიკალური საშუალება არამარტო თვალი ადევნონ იტალიურ სუბტიტრებს, არამედ მოისმინონ გენიალური იტალიელი კომპოზიტორის, ჯოაკინო როსინის კლასიკური მუსიკა და იტალიურ ენაზე შესრულებული ცნობილი საოპერო არიები.სპექტაკლის დანიშნულებაც სწორედ ეს არის: ხელი შეუწყოს ბავშვების ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას იტალიური ენის, თეატრისა და საოპერო ხელოვნების სინთეზის მეშვეობით.
ძვირფასო ბავშვებო, გიწვევთ ამ არაჩვეულებრივ სანახაობაზე, სადაც თითოეული თქვენგანი თეატრალურ დასთან ერთად თავს იგრძნობს ერთი დიდი იტალიური ზეიმის თანამონაწილედ!
 
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე: info@dantetbilisi.ge

გაზიარება: