თბილისი მაისის თვეში მასპინძლობს საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს, რომელიც გაიმართება 2015 წლის 18–24 მაისს, საქართველოს მწერალთა სახლში.
,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი“, Eunic –ის (ევროპის კულტურული ინსტიტუციების გაერთიანება) ასოცირებული წევრი-ორგანიზაციის სტატუსით, პირველად იღებს მონაწილეობას ზემოხსენებულ ფესტივალში.
საქართველოში აკრედიტებული იტალიის საელჩოს მოწვევით ფესტივალზე იტალიას წარადგენს ცნობილი იტალიელი პოეტი, კლაუდიო პოცანი.
2010 წელს პოეტი ერთხელ უკვე ესტუმრა „დანტეს“ თბილისის კომიტეტს და წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა დამსწრე საზოგადოებაზე, როგორც მისი არაჩვეულებრივი პოეზიით, ისე ლექსის კითხვის მისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული მანერით. ახლა უკვე მეორედ, ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში, „დანტე ალიგიერის საზოგადოების“ ოფისში, ექსკლუზიურად მისი წვერებისა და მსმენელებისთვის, 19 მაისს, სამშაბათს, 18:00 სთ–ზე გაიმართება კლაუდიო პოცანის პოეზიის საღამო.
სტუმარი ისაუბრებს საკუთარ პიროვნებაზე, ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. ასევე, ის და ქალბატონი ნუნუ გელაძე, პოეტის შემოქმედების ოფიცილაური მთარგმნელი, იტალიურ და ქართულ ენებზე საზოგადოებას წარუდგენენ კლაუდიო პოცანის პოეტურ კრებულს „ჩრდილების მარში“.
საღამოს ფარგლებში პოეტი დადგამს ერთგვარ ,,პერფორმანსს“ და საკუთარ ლექსებს წაიკითხავს იმ უნიკალური მანერით, რომელიც მხოლოდ კლაუდიო პოცანისათვის არის დამახასიათებელი.
სხვა სიახლეები:
პარასკევს, 8 მაისს გადაცემა „GDS დილაში“ მოხდება პირდაპირი ჩართვა ჩვენი კომიტეტის „დანტეს ხელოვნების სკოლასთან“. გაშუქებული იქნება იტალიური ენის, ხატვისა და ძერწვის გაკვეთილები, აგრეთვე ინტერვიუები „დანტე ალიგიერის საზოგადოება – თბილისის კომიტეტის“ პრეზიდენტთან, ქალბატონ ნინო ცერცვაძესთან და „დანტეს ხელოვნების სკოლის“ პედაგოგებთან.
პარასკევი, 15 მაისი: ,,დანტეს ხელოვნების სკოლის“ „არტ-თერაპიის“ მიმართულებაში გაიხსნა ბავშვთა განვითარების კურსი, სახელწოდებით „ბავშვის წარმატების საიდუმლო“. კურსის გავლის შემდეგ ბავშვი შეძლებს სოციალურ გარემოში უკეთ ადაპტირებას, თანატოლებთან და ოჯახის წევრებთან პოზიტიური ურთიერთობების დამყარებას, საკუთარ უნარებში დარწმუნებას და მის გამოყენებას წარმატებისთვის.
კურსი განკუთვნილია 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
კურსს წარუძღვებიან : ირმა კვაჭაძე – კლინიკური ფსიქოლოგი, არტთერაპევტი;
მარიტა მერკვილაძე – კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოკონსულტანტი.