მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი მონაწილეობას იღებს 2023 წლის ევროკავშირის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც შაბათს, 2023 წლის 6 მაისს თბილისსა და მსოფლიოს მრავალ ქალაქში ერთდროულად ჩატარდება.
6 მაისს 12:00 საათიდან ექსპო ჯორჯიას (აკაკი წერეთელის გამზ 118) მე-5 პავილიონში, იტალიის საელჩოს სტენდზე ვიქნებით წარმოდგენილი, როგორც იტალიის საელჩოს ოფიციალური პარტნიორი საქართველოში. ,,დანტეს“ თბილისის კომიტეტი მის მიერ მოწყობილ საინფორმაციო სტენდზე დამთვალიერებლებს, იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, გააცნობს ინფორმაციებს იმ პერსპექტივებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც დანტე ალიგიერის საზოგადოება თავის საერთაშორისო ქსელის მეშვეობით სთავაზობს იტალიური ენისა და კულტურის შესწავლით დაინტერესებულ პირებს.
განსაკუთრებით მიმდინარე წელს, ჩვენი კომიტეტი მრავალ მნიშვნელოვან სიახლეს სთავაზობს იტალიური ენისა და კულტურის მოყვარულებს. აღსანიშნავია, რომ, სტუ-სა და თბილისის ,,დანტეს“ კომიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ინოვაციური ჰიბრიდული საკლასო ოთახის წყალობით, მსმენელებს, მათი ადგილმდებარეობისა და სწავლაზე ხელმისაწვდომობის კომფორტის შეთავაზების მიზნით, საშუალება ეძლევათ იტალიური ენის კურსების გავლა როგორც სააუდიტორიო სივრცეში ფიზიკური დასწრებით, ისე დისტანციურად. გარდა ამისა, 2023 წლიდან ჩვენს კურსებზე ჩარიცხულ მსმენელებს საშუალება ეძლევათ ისარგებლონ Dante.Global-ის ციფრულ პლატფორმაზე განთავსებულ როგორც სასწავლო მეთოდოლოგიურ მასალებზე, ისე კულტურულ-საგანმანათლებლო და სხვა მრავალფეროვან სერვისებზე.
ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოსულებს დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტთან არსებული დანტეს ხელოვნების სკოლის პედაგოგები შესთავაზებენ მრავალფეროვან სახალისო და საინტერესო აქტივობებს, იქნება ეს ლოყაზე იტალიის დროშის მოხატვა, თუ მონაწილეობა ფერწერულ მასტერკლასებში, რომლებიც წარმოდგენილი და შემოთავაზებული იქნება დღის განმავლობაში.
მოხარული ვართ, რომ პანდემიით გამოწვეული მცირედი შესვენების შემდეგ, ევროპის დღე კვლავ მრავალფეროვანი საჯარო ღონისძიებით აღინიშნება. ვიწვევთ ყველა ასაკის ადამიანს შემოგვიერთდნენ საქართველოსა და ევროპას შორის საერთო ღირებულებების აღსანიშნავად და შეიტყონ მეტი ჩვენს ქვეყანაში ევროკავშირის საქმიანობის შესახებ.
თუ გინდათ ცოდნის გაღრმავება ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესახებ და გსურთ გაიგოთ მეტი თითოეული ქვეყნის კულტურისა და ტრადიციების შესახებ, გვეწვიეთ ექსპო ჯორჯიას მე-5 პავილიონში არსებულ ტრადიციულ „ევრო სოფელში“. გაიცანით საელჩოების წარმომადგენლები და მიიღეთ მეტი ინფორმაცია თითოეული წევრი სახელმწიფოს ეროვნული მახასიათებლებისა და თავისებურებების შესახებ.
ევროკავშირი 30 წელზე მეტია აფინანსებს სხვადასხვა პროგრამებსა და პროექტებს. ევროპის დღის ფარგლებში, მე-11 პავილიონში, შეგიძლიათ მიიღოთ მეტი ინფორმაცია საქართველოში ევროკავშირის მუშაობის შესახებ, შეხვდეთ ევროკავშირის პროექტებში ჩართულ ახალგაზრდებს და გაეცნოთ მათ ინოვაციურ იდეებსა და მიდგომებს.
ექსპო ჯორჯიას გარე ტერიტორიები გარდაიქმნება „უნიკალური ქართული გემოების“ აგრომარკეტად და აღიჭურვება ფერმერებისა და მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქციით, რომლებმაც მიიღეს ევროკავშირის მხარდაჭერა და, მიღებული ცოდნის გამოყენებით, შეძლეს თავიანთი ბიზნესის განვითარება. მონაწილეებისთვის იგეგმება სხვადასხვა საკვები პროდუქტის დეგუსტაცია.
და ეს ყველაფერი არ არის! 6 მაისს ექსპო ჯორჯია გადაიქცევა სივრცედ, სადაც სტუმრებს შეუძლიათ გაერთონ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად, გაიცნონ ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნების თავისებურებები და დატკბნენ დაუვიწყარი გამოცდილებით. ასევე მოეწყობა სივრცე, სადაც ბავშვებს შეუძლიათ ისიამოვნონ თოჯინების თეატრის წარმოდგენებით, სხვადასხვა თამაშებითა და მრავალი სიურპრიზით.