13-19 ოქტომბერს, იტალიური ენის XXV მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (სტუ) გაიმართება საერთაშორისო პროექტის პრეზენტაცია სახელწოდებით „საერთაშორისო ციფრული საგანმანათლებლო პლატფორმა Dante.global-ის უფასო, ექსპერიმენტული კურსები სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის.“
2025 წლის 15 ოქტომბერს, 16:00 საათზე, სტუ-ს ადმინისტრაციულ შენობაში, გაიმართება დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის საერთაშორისო პროექტის (მესამე ციკლის) პრეზენტაცია, რაც ტრადიციულად ემსახურება იტალიური ენის პოპულარიზაციას საქართველოში 2025-2026 სასწავლო წელსაც.
ღონისძიება ტარდება მსოფლიოში იტალიური ენის 25-ე კვირეულის ფარგლებში, რომელიც საერთაშორისო დონეზე აღინიშნება მ. წ. 13-დან 19 ოქტომბრამდე, თემაზე: „იტალიოფონია, ენა საზღვრებს მიღმა“.
დანტე ალიგიერის საზოგადოების სათავო ოფისის მიერ დაფინანსებული პროექტი გულისხმობს იტალიური ენის სასწავლო კურსების ორგანიზებას 2025-2026 აკადემიური წლის ორი სემესტრის განმავლობაში, ენის კომპეტენციის A1-A2, A2-B1 და დონეებზე, სტუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის, (სულ 90 მსმენელი), რომლებიც შეირჩნენ ღია კონკურსის წესით.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში წელს სიახლეს წარმოაგენს სასწავლო პროცესში Dante.global-ის საერთაშორისო ციფრული საგანმანათლებლო პლატფორმის მესვეურებთან პირდაპირი თანამშრომლობა და განთავსებული კონტენტის ინტეგრაცია, რაც მსმენელებს სთავაზობს მოწინავე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სასწავლო პროგრამებსა და იტალიური ენის შესწავლის ინოვაციურ მეთოდებს, ცოდნისა და ინტერკულტურული ასპექტების სინთეზის მეშვეობით. პროექტის ფარგლებში მთავარი ინოვაცია იქნება „დანტეს“ თბილისის კომიტეტის პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგ-კურსი, რაც შესაძლებელს გახდის სწავლების ინოვაციური და თანამედროვე სტრატეგიების დანერგვას დანტე ალიგიერის საზოგადოების მიერ შექმნილი უნიკალური ციფრული საგანმანათლებლო პლატფორმის გამოყენებით.
ღონისძიებას გახსნის და საპატიო სტუმრებს მიესალმება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, დანტე ალიგიერის საზოგადოების ოქროს მედლისა და დამსახურების დიპლომის მფლობელი.
მისი აღმატებულება, იტალიის ელჩი საქართველოში, მასიმილიანო დ’ანტუონო, აუდიტორიას მიმართავს, როგორც იტალიური ენის XXV მსოფლიო კვირეულის ორგანიზატორი ინსტიტუციის ხემძღვანელი და ზემოაღნიშნული საერთაშორისო პროექტის ოფიციალური პარტნიორი.
დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის პრეზიდენტი და სტუ-ს იტალიური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ნინო ცერცვაძე, ისაუბრებს პროექტის ღირებულებასა და მნიშვნელობაზე ქართველი ახალგაზრდებისთვის, აგრეთვე პროექტის შინაარსსა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე, იტალიის საელჩოს პატრონაჟით, 2022 წელს, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტსა და სტუ-ს შორის ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ კონკურსში გამარჯვებული მსმენელები (სტუ-ს ერთი პედაგოგი და ერთი სტუდენტი).
ღონისძიების ორგანიზატორები არიან:
დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
მისამართი: მისამართი: ქ. თბილისი, მერაბ კოსტავას 77, სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზი
📍 https://share.google/NQjE41axrHdlEeEZP