Blog

მსოფლიოში იტალიური ენის XXIII კვირეული (SLIM 2023) – „მწვანე სიტყვები“ და გარემოსდაცვითი კულტურის ჩამოყალიბება“

იტალიური ენის მსოფლიო კვირეულის XXIII გამოცემის (2023 წლის 16-22 ოქტომბერი)  თემაა “იტალიური ენა და გარემოს დაცვა”, რომლის მიზანია მსოფლიო მასშტაბით გარემოსდაცვითი კულტურის ამაღლება და დედამიწის ენერგორესურსებზე ზრუნვის პოპულარიზაცია იტალიური ენის  მეშვეობით.

წელს დანტე ალიგიერის საზოგადოების სათაო ოფისი აღნიშნულ თემას უერთდება პროექტით, რომლის სახელწოდებაა „მწვანე სიტყვები“ და გარემოსდაცვითი კულტურის ჩამოყალიბება“, რაც გულისხმობს ამ ორგანიზაციის საერთაშორისო ქსელში, იტალიური ენის მეშვეობით, დედამიწის რესურსების მოფრთხილებისა და გარემოსდაცვითი საკითხების პოპულარიზაციას. ინიციატივა მიზნად ისახავს ეკოლოგიასთან დაკავშირებული სიტყვებისა და ტერმინების ახლებურად გააზრებას და  იტალიური ენის მცოდნეების მაქსიმალურ ჩართულობას ე.წ. ,,ეკოლექსიკონის“ შექმნაში.

დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი სათაო ოფისის ამ კეთილშობილურ ინიციატივას უერთდება  17 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიებით, რომლის სახელწოდებაა „მწვანე სიტყვები“ და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება“.

აღნიშნული პროექტისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი გამართავს  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დაარსებულ ჰიბრიდულ აუდიტორიაში, საქართველოში იტალიის ელჩის, მისი აღმატებულება ბატონი ენრიკო ვალვოს მონაწილეობით.

იტალიის ელჩის ვიზიტისას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განახლებულ ინფრასტრუქტურულ სივრცეში მოხდება დათვალიერება იტალიური  ენისა და კულტურის ცენტრისა, რომელსაც ხელმძღვანელობს დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის პრეზიდენტი ქ-ნი ნინო ცერცვაძე.

ღონისძიებაზე, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, აღწერილი და განმარტებული იქნება 10 ე. წ. „მწვანე სიტყვა“, ანუ ეკოლოგიასთან დაკავშირებული ის ტერმინები, რომლებმაც მეტწილად დაიმსახურეს  ,,დანტეს“ თბილისის კომიტეტის იტალიური ენის კურსების მსმენელებისა და პედაგოგების ინტერესი.

ასევე, წარმოდგენილი იქნება „დანტეს“ ხელოვნების სკოლის მოსწავლეების მიერ ბიოდეგრადირებადი მასალებისგან შექმნილი რამდენიმე კრეატიული ნამუშევარი. აგრეთვე, საუბარი იქნება სასწავლო პროცესში უკვე დანერგილ  მიდგომაზე, რაც ხელს უწყობს მოზარდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და, ბუნების დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, ერთი შეხედვით უსარგებლო ნივთისთვის ,,ახალი სიცოცხლის“ მინიჭების უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

ამავე ღონისძიებაზე მოხდება  სამომავლო პროექტის „გაისეირნე ქალაქის უბნებში ,,დანტესთან“ ერთად“ წარდგენა, რაც ითვალისწინებს ყოველ ორ თვეში ერთხელ  როგორც მოხალისეობრივ ,,ეკოგასეირნებას“ ქალაქში და ე.წ.  „ეკოლექსიკონის“ გამდიდრებას იტალიური სიტყვებით, ისე ქალაქის დასუფთავებას ზოგიერთი მოქალაქის მიერ გაუცნობიერებლად გადაყრილი ნარჩენებისგან, აგრეთვე, მათ  დახარისხებას და ამორჩეული ნივთებისგან შემოქმედებითი ნამუშევრის შექმნას.   პროექტის  ბოლოს შეფასდება, რამდენად გაამდიდრეს პროექტის მონაწილეებმა  ახალი სიტყვებით ჩვენი „ეკოლექსიკონი“, რამდენად  შევუწყო ხელი პროექტმა გადაყრილი ნივთების/ნარჩენების ხელახალ გამოყენებას და ზოგადად გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში მოხდება დანტე ალიგიერის რომის სათაო ოფისის მიერ შექმნილი დოკუმენტური ფილმის, „დანტე, პოეტის გადასახლება“,  ჩვენება, რომლის ქართული სუბტიტრების განხორციელება შესაძლებელი გახდა საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით. აღნიშნულ დოკუმენტურ ფილმში აღწერილია დიდი პოეტის მოგზაურობა  დევნილობის პერიოდში იტალიის ულამაზეს რეგიონებში (ტოსკანა, ლიგურია, რომანია) ზოგან დასახლებული ადგილების, ზოგან კი თითქმის მიტოვებული შუა საუკუნეების სოფლებისა და ციხესიმაგრეების გავლით. ფილმი მნახველებს სთავაზობს დაათვალიეროს იტალიის ნაკლებად ცნობილი ულამაზესი ადგილები და დატკბეს  თვალწარმტაცი ბუნების სიმწვანით.

ღონისძიება  გაიმართება 2023 წლის 17 ოქტომბერს,  18:00 სთ-ზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტთან არსებულ დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის  კომიტეტის ჰიბრიდულ აუდიტორიაში. მის.: მერაბ კოსტავას 69, სტუ-ს მე-2 კორპუსი, მეორე სართული.

ადგილმდებარეობა: https://maps.app.goo.gl/CfwkyamfQ9WnKd7U6

გაზიარება:

Leave a Reply