საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ გაძლევთ უნიკალურ შანსს, გაიაროთ იტალიური ენის უფასო კურსები, რომლებიც განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ სტუდენტებისთვის, ვისაც სურს იტალიური ენის შესწავლა შემდეგი მიზნებით:
- იტალიის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელება
- Erasmus + გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღება
- კურსის ბოლოს, გამოცდების ჩაბარების შემთხვევაში, ADA-ს (დანტე ალიგიერის საზოგადოების ატესტატის) მიღება
- იტალიური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის PLIDA-ს მიღება
აღნიშნული საერთაშორისო პროექტი დაწყებულია 2022 წელს და მესამე ციკლის სახით ხორციელდება 2025-2026 სასწავლო წლის განმავლობაში, დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის მიერ საკონურსო პროექტში მოპოვებული დაფინანსების ფარგლებში, რომლის დასახელებაა: „საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა Dante.global-ის ექსპერიმენტული კურსები პედაგოგებისა და სტუდენტებისთვის: იტალიური ენის ინტერდისციპლინური სწავლების განვითარება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში“.
საერთაშორისო პროექტი ხორციელდება დანტე ალიგიერის საზოგადოებისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობით.
პროექტი დაფინანსებულია დანტე ალიგიერის საზოგადოების საერთაშორისო ქსელის რომის სათაო ოფისის მიერ.
პროექტი ითვალისწინებს იტალიურის სწავლებას, ენის კომპეტენციის A, A2 და B1 დონეზე 2 სემესტრის განმავლობაში, უფასო კურსებზე, რაც, ღია კონკურსის წესით ჩარიცხულ 90 მსმენელს, საშუალებას აძლევს გახდეს ქვეყნიდან გაუსვლელად, იტალიური ენის საერთაშორისო კურსის ADA-ს მსმენელი და დანტე ალიგიერის საზოგადოების მსოფლიო ქსელის საწევრო ბარათის მფლობელი.
იტალიური ენის უფასო კურსებზე მსმენელების შერჩევა მოხდება ღია კონკურსის მეშვეობით, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს და/ან თანამშრომელს (მაქსიმუმ 15 თანამშრომელი!)
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პროექტის პირველ, მეორე და მესამე ციკლთან დაკავშირებით:
ვინაიდან, საგრანტო პროექტის ფარგლებში, შემოთავაზებულია იტალიური ენის უფასო სწავლების მესამე ციკლი სტუ-ს 90 მსმენელისთვის (სტუდენტი ან თანამშრომელი), კონკურსში ხელახლა მონაწილეობის მიღება და იტალიური ენის A2 და B1 დონეზე სწავლის გაგრძელების საშუალება მიეცემათ იმ მსმენელებსაც, ვინც 2022-23 და 2024-25 სასწავლო წელს პროექტის პირველი და მეორე ციკლის გავლის შემდეგ, უკვე ფლობს იტალიური ენის ცოდნის კომპეტენციას A1 დონეზე მაქსიმუმ 15 მსმენელი (სტუ-ს სტუდენტი ან თანამშრომელი).
იტალიური ენის უფასო კურსები ჩატარდება ჰიბრიდული სწავლების მეთოდით, რაც მსმენელებს საშუალებას მისცემს ისწავლონ იტალიური ენა როგორც ონლაინ, ისე სააუდიტორიო სივრცეში დასწრებით.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
კონკურსის პირველ ეტაპზე მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ქვემოთ მოცემულ ბმულზე და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.
ბმული, https://dantetbilisi.ge/b3eo
გამარჯვებულმა კანდიდატმა, კურსის დაწყებისთანავე, უნდა შეიძინოს დანტე ალიგიერის საზოგადოების საწევრო ბარათი, რომლის საფასურია 25 ევროს ეკვივალენტი ლარში, ვინაიდან, მხოლოდ აღნიშნული საწევრო ბარათის შეძენის შემთხვევაში, კურსის მსმენელს ექნება:
- ADA-ს საერთაშორისო კურსზე ჩარიცხვის უფლება
- ADA-ს საერთაშორისო ატესტატის ქვეყნიდან გაუსვლელად მიღების უფლება
- წვდომა საერთაშორისო ციფრული პლატფორმის BVI Dante.Global-ის საგანმანათლებლო პორტალზე განთავსებულ სასწავლო მასალებზე
- აკადემიური და კარიერული განვითარების შესაძლებლობები (სასწავლო სტიპენდიების მოპოვება, დასაქმება და სხვ.)
საერთაშორისო კურსის განხორციელების ვადები
იტალიური ენის სასწავლო კურსი დაიწყება 2025 წლის 15 ოქტომბერს და დასრულდება 2026 წლის 29 მაისს.
კურსის ხანგრძლივობა და მიზანი
2 აკადემიური სემესტრი, აქედან:
- პირველი სემესტრის ბოლოს მესამე ციკლის (2025-26 სასწავლო წელს ჩარიცხულ მსმენელს) ექნება იტალიური ენის A1 დონის ცოდნა, ხოლო მეორე სემესტრის დასასრულს, იტალიური ენის A2 დონის ცოდნა;
- პირველი და/ან მეორე ციკლის (მაქსიმუმ 15) მსმენელს კი, რომელიც უკვე ფლობს იტალიურ ენას A1 დონეზე, პირველი სემესტრის ბოლოს ექნება იტალიური ენის A2 დონის ცოდნა, ხოლო მეორე სემესტრის დასასრულს, იტალიური ენის B1 დონის ცოდნა;
- კურსებზე მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 2-ჯერ, სულ: 4 საათი კვირაში (ლექციის ხანგრძლივობაა 2 აკადემიური საათი).
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 2025 წლის 10 ოქტომბრის 20.00 საათი.
აპლიკანტი კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, დადებით პასუხს დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის ადმინისტრაციიდან მიიღებს მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ საკონტაქტო მისამართებზე:
თუ ხარ სტუ-ს სტუდენტი ან თანამშრომელი, გსურს ისწავლო იტალიური ენა უფასოდ, დაგეგმო შენი კარიერული წინსვლა საერთაშორისო ასპარეზზე, იჩქარე და დარეგისტრირდი ზემოთ მითითებულ ბმულზე, რადგან სასწავლო კურსებზე ადგილები შეზღუდულია!!!