იტალიური ენის XXVI კვირეული თბილისში — დანტე ალიგიერის საზოგადოების“ თბილისის კომიტეტი GTU-ს 2026–2027 სასწავლო წლის პროექტს წარადგენს და საქართველოში ექსკლუზიურად „ტურანდოტი. უკანასკნელი ნოტს“ აჩვენებს
2026 წლის 19–25 ოქტომბერს იტალიური ენის XXVI მსოფლიო კვირეული გაიმართება. წლევანდელი კვირეულის თემაა „გენიალური ენა: იტალიურ ენაზე იდეების მოფიქრება, დაგეგმვა და შექმნა“ („Lingua geniale: ideare, progettare, creare con l’italiano“). კვირეულის ფარგლებში, „დანტე ალიგიერის საზოგადოების“ თბილისის კომიტეტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (GTU) ახალ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტს წარადგენს. პროექტი „დანტე ალიგიერის საზოგადოების“ მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და საქართველოში იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით ხორციელდება და 2026–2027 სასწავლო წელს ითვალისწინებს იტალიური ენის სწავლების ახალი შესაძლებლობების შექმნას.
პროექტი „Dante.global-ის ექსპერიმენტული პროექტის განვითარება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (GTU)“ 2026–2027 სასწავლო წლის განმავლობაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის იტალიური ენის უფასო კურსების შეთავაზებას ითვალისწინებს.
პროექტის ფარგლებში სულ 100 სასწავლო ადგილი იქნება ხელმისაწვდომი. მონაწილეთა შერჩევა განხორციელდება კონკურსის საფუძველზე, ხოლო სასწავლო პროგრამები მოიცავს იტალიური ენის A1, A2 და B1 დონეებს.
პროექტის მიზანია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს იტალიურ ენასთან დაახლოებისა და ენობრივი კომპეტენციების ეტაპობრივი განვითარების შესაძლებლობა მისცეს. ამასთან, ინიციატივა ხელს შეუწყობს იტალიური ენის გამოყენებას სწავლისა და პროფესიული განვითარების, საერთაშორისო მობილობისა და კულტურათაშორისი დიალოგის კონტექსტში.
პროექტის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი იქნება Dante.global-ის, „დანტე ალიგიერის საზოგადოების“ მიერ შექმნილი ენობრივ-კულტურული საგანმანათლებლო პლატფორმის, ინტეგრირება სასწავლო პროცესში. ციფრული ინსტრუმენტების, მულტიმედიური მასალების და ინტერაქტიული სავარჯიშოებისა გამოყენებით, Dante.global ტრადიციულ სასწავლო მეთოდებს ინოვაციურ საგანმანათლებლო მიდგომებთან აერთიანებს. ამგვარად, სასწავლო პროცესში ერთმანეთს ერწყმის ტექნოლოგია, ენა და კულტურა.
2026 წლის კვირეულის თემა — „გენიალური ენა: იტალიურ ენაზე იდეების მოფიქრება, დაგეგმვა და შემოქმედება“ — ყურადღებას ამახვილებს იტალიური ენის შემოქმედებით პოტენციალზე და გვთავაზობს მის აღქმას არა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალებად, არამედ სივრცედ, სადაც იბადება იდეები, იქმნება პროექტები და ნამუშევრები და ყალიბდება ახალი ურთიერთობები. სწორედ ამ ხედვას ეფუძნება „დანტე ალიგიერის საზოგადოების“ თბილისის კომიტეტის თანამშრომლობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და საქართველოში იტალიის საელჩოსთან — იტალიური ენა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ქართველ ახალგაზრდებს და მისი შესწავლა მათთვის კულტურული და პიროვნული განვითარების, საერთაშორისო ურთიერთობისა და ახალი შესაძლებლობების წყაროდ იქცეს.
თუმცა, წლევანდელ ღონისძიებას მეტად განსაკუთრებულია.
პროექტის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ დამსწრე საზოგადოებას საქართველოში ექსკლუზიურად მიეცემა შესაძლებლობა, იხილოს დოკუმენტური ფილმი „ტურანდოტი. უკანასკნელი ნოტი“ („Turandot. L’ultima nota“) — „დანტე ალიგიერის საზოგადოების“ მიერ შექმნილი კინოპროდუქცია.
ფილმის ჩვენება ღონისძიების პროგრამის მნიშვნელოვან კულტურულ ნაწილს წარმოადგენს და ქართველი მაყურებლისთვის უნიკალური შესაძლებლობა იქნება, გაეცნოს იტალიური მუსიკალური კულტურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული ნაწარმოებისადმი მიძღვნილ დოკუმენტურ ნამუშევარს.
დოკუმენტური ფილმი მაყურებელს „ტურანდოტის“ ისტორიასა და ჯაკომო პუჩინის უკანასკნელ ოპერასთან დაკავშირებულ რთულ და მრავალშრიან შემოქმედებით პროცესში ამოგზაურებს. ფილმი გვთავაზობს კულტურულ პერსპექტივას, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მუსიკას, თეატრს, ისტორიასა და იტალიურ ენას და მაყურებელს საშუალებას აძლევს, „ტურანდოტს“ არა მხოლოდ საოპერო ნაწარმოების, არამედ მისი შექმნის ისტორიული და შემოქმედებითი კონტექსტის გათვალისწინებით გაეცნოს.
ფილმის ჩვენება გაიმართება იტალიურ ენაზე, ქართული სუბტიტრებით. სუბტიტრები თბილისში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით მომზადდა, რაც ფილმს ქართული საზოგადოებისთვის უფრო ფართო და ხელმისაწვდომ კულტურულ რესურსად აქცევს და, ამავდროულად, კიდევ უფრო აძლიერებს მის მნიშვნელობას იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციის თვალსაზრისით.
ღონისძიება ერთიან სივრცეში მოაქცევს იტალიური ენის სწავლებასა და იტალიური კულტურის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას — სიტყვასა და მუსიკას, განათლებასა და შემოქმედებას. ეს იქნება დღე, რომელიც იტალიურ ენას წარმოაჩენს არა მხოლოდ როგორც შესასწავლ ენას, არამედ როგორც კულტურის მატარებელ ცოცხალ მემკვიდრეობას — ენას, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, შევქმნათ, შევიცნოთ და გავიზიაროთ.
⸻
ღონისძიების შესახებ
თარიღი: სამშაბათი, 20 ოქტომბერი, 2026 წელი
დრო: 15:00 საათი
ღონისძიება:
იტალიური ენის XXVI კვირეული მსოფლიოში
19–25 ოქტომბერი, 2026
თემა: „გენიოსი ენა: იტალიურ ენაზე იდეების მოფიქრება, დაგეგმვა და შემოქმედება“
ადგილმდებარეობა:
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (GTU)
ადმინისტრაციული კორპუსი
მერაბ კოსტავას ქუჩა №77, თბილისი
ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზი, პირველი სართული
ორგანიზატორები
* „დანტე ალიგიერის საზოგადოების“ თბილისის კომიტეტი
* საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (GTU)
* საქართველოში იტალიის საელჩო
სპეციალური ღონისძიება
დრო: 16:00 საათი
საქართველოში ექსკლუზიურად — დოკუმენტური ფილმის „ტურანდოტი. უკანასკნელი ნოტი“ („Turandot. L’ultima nota“) ჩვენება
წარმოება: „დანტე ალიგიერის საზოგადოება“
ფილმის ენა: იტალიური
სუბტიტრები: ქართული, მომზადებული საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით
