Blog

„ტურანდოტი. უკანასკნელი ნოტი“ — ჯაკომო პუჩინის უკანასკნელი ოპერისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენება თბილისში

იტალიური ენის XXVI მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი ქართველ მაყურებელს წარუდგენს დოკუმენტურ ფილმს „ტურანდოტი. უკანასკნელი ნოტი“, რომელიც შექმნილია დანტე ალიგიერის საზოგადოების მიერ და ჯაკომო პუჩინის უკანასკნელ, დიდ ოპერას ეძღვნება.

ფილმის ჩვენება გაიმართება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (GTU) და წარმოადგენს დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის მიერ ორგანიზებული კულტურული ღონისძიებების სერიის მორიგ შეხვედრას. ღონისძიებათა ეს ციკლი სხვადასხვა მხატვრული და შემოქმედებითი ფორმის გამოყენებით ემსახურება იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციას და საქართველოში მისი გავრცელების ხელშეწყობას.
ფილმი ნაჩვენები იქნება იტალიურ ენაზე, ქართული სუბტიტრებით. ქართული სუბტიტრები შეიქმნა საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით.
„ტურანდოტისთვის“ დოკუმენტური კინოპროექტის მიძღვნას განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვაც აქვს — ეს უკავშირდება მილანის „ლა სკალას“ საოპერო თეატრში ოპერის პირველი წარმოდგენის 100 წლისთავს. „ტურანდოტის“ პრემიერა „ლა სკალაში“1926 წლის 25 აპრილს, ჯაკომო პუჩინის გარდაცვალების შემდეგ გაიმართა.

„ტურანდოტი“ იტალიური ოპერის ისტორიაში გამორჩეულ და უნიკალურ ადგილს იკავებს. პუჩინი ნაწარმოებზე სიცოცხლის უკანასკნელ თვეებამდე მუშაობდა, თუმცა ოპერის დასრულება ვერ შეძლო.
სწორედ „უკანასკნელი ნოტის“ იდეიდან და იმ ზღვრული მდგომარეობიდან, რომელიც დასრულებულსა და შეჩერებულს, დაუსრულებლად დარჩენილს შორის გადის, დაიბადა დანტე ალიგიერის საზოგადოების კინოპროექტის კონცეფცია.
„ტურანდოტი. უკანასკნელი ნოტი“ შექმნილია დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათაო ოფისის მიერ. ფილმის რეჟისორია ლამბერტო ლამბერტინი, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს კინოს, ტელევიზიისა და თეატრის სფეროებში.
პროექტის იდეა ლამბერტო ლამბერტინისა და მუსიკოსის, „დანტე ალიგიერის საზოგადოების“ მილანის კომიტეტის პრეზიდენტის ადრიანო ბასის თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. სცენარზე ლამბერტო ლამბერტინი მუშაობდა ვალერია ნოლისა და დანტე ალიგიერის საზოგადოების კულტურის დეპარტამენტის ჩართულობით.

როგორც დანტე ალიგიერის საზოგადოების გენერალურმა მდივანმა, ალესანდრო მაზიმ განმარტა, აღნიშნული ნამუშევრით “დანტეს” საზოგადოებას სურდა, პუჩინი წარმოეჩინა მის თეატრალურ და დრამატურგიულ არსთან მაქსიმალურად ახლოს, როგორც დიდი მთხრობელი, რომელმაც მუსიკის საშუალებით, იტალიურენოვანი სამყაროს საზღვრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გააფართოვა.

ფილმის ჩვენების შესახებ

დასახელება: „ტურანდოტი. უკანასკნელი ნოტი“
პროდიუსერი: დანტე ალიგიერის საზოგადოება
რეჟისორი: ლამბერტო ლამბერტინი
იდეის ავტორები: ლამბერტო ლამბერტინი, ადრიანო ბასი
სცენარის ავტორები: ლამბერტო ლამბერტინი, ვალერია ნოლი, დანტე ალიგიერის საზოგადოების კულტურის დეპარტამენტი
ენა: იტალიური
სუბტიტრები: ქართული
ღონისძიება ტარდება იტალიური ენის XXVI მსოფლიო კვირეული 2026-ს ფარგლებში.
ადგილმდებარეობა: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი
წინასწარი თარიღი: 20 ოქტომბერი, 2026

ფილმის ჩვენების ზუსტი თარიღისა და დროის, ასევე ღონისძიებაში მონაწილეობის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის ოფიციალურ საკომუნიკაციო არხებზე.

გაზიარება: