,,ზუსტად ორი წლის წინ მივხვდი, რომ ყველაზე დიდი ოცნების ადგილი რეალობაში იყო, ასე რომ დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტში მივედი და ენის შესწავლის რთული, მაგრამ სასიამოვნო გზის გავლა დავიწყე. ზუსტად წელიწადნახევარში B2 დონემდე მივაღწიე, თუმცა ჩემი კომპლექსის გამო, რომ შეცდომებს დავუშვებდი, იტალიურად საუბრის დაწყების შიში და სირცხვილი თან დამყვებოდა. სწორედ ამ პერიოდში შეგვატყობინეს, რომ დანტე ალიგიერის საზოგადოების სათავო ოფისი საზოგადოების წევრებისთვის სტიპენდიას აცხადებდა. შემოთავაზება დიდებული ჩანდა, იტალიაში არსებული დანტეს სკოლებიდან სასურველში სწავლის დაფინანსება და სტიპენდია სამგზავრო-საცხოვრებელი და სხვა ხარჯებისთვის.
შემოთავაზებით ძალიან დავიტერესდი და განაცხადი შევავსე, თუმცა გამოგიტყდებით, რომ არ მეგონა თუ რაიმე შანსი მქონდა, თუმცა სულ ტყუილად… ერთ საღამოს დანტედან დამირეკეს და მაცნობეს რომ გავიმარჯვე, აი, ასე უბრალოდ გავხდი სტიპენდიატი.