Blog

დანტეს საზოგადოების წვლილი იტალიური წიგნის პოპულარიზაციისთვის

„დანტე ალიგიერის საზოგადოების“ პრეზიდენტის, პროფესორ ანდრეა რიკარდის, ინიციატივით და პროექტის- რომლის სახელწოდებაა „დანტეს საზოგადოების წვლილი იტალიური წიგნის პოპულარიზაციისთვის“ -ფარგლებში ამავე ორგანიზაციის საერთაშორისო ქსელის კომიტეტებს საჩუქრად გადაეცათ უახლესი პუბლიკაციები და წიგნები.

აღნიშნული ინიციატივა დაეხმარება  „დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტს“ იმ არაჩვეულებრივი  მიზნის მიღწევაში, რაც გულისხმობს უახლოეს მომავალში  საბიბლიოთეკო რესურსის გაზრდას და „ლიტერატურული კლუბის’’ გახსნას (“presidio letterario”),  რომლის ძირითადი ფუნქცია იქნება იტალიურ ენაზე წიგნის კითხვის კულტურის ხელშეწყობა.

მომავალი „ლიტერატურული კლუბი“ იქნება ცნობილი ავტორების, მწერლების, მთარგმნელების, აგრეთვე  იტალიანისტებისა და იტალიური ლიტერატურის მოყვარულების შეხვედრის ადგილი. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს აგრეთვე იტალიური ლიტერატურის  ქართულ ენაზე და პირუკუ მთარგმნელობითი პროცესის კიდევ უფრო განვითარებას.  ,,ლიტერატურულ კლუბში“ სხვადასხვა კულტურული ღონისძიების ორგანიზებისა და ბიბლიოთეკის რესურსების (როგორც მატერიალური, ისე ციფრული) ეფექტურად ფუნქციონირების წყალობით,  ყველა მსურველს შესაძლებლობა  მიეცემა მოიძიოს მის საჭიროებაზე მორგებული მასალა.

თბილისის კომიტეტის პრეზიდენტმა, პროფესორმა ნინო ცერცვაძემ თავის თანამშრომლებთან, იტალიანისტ ანნა კვარაცხელიასთან და იტალიელ კოლეგა ბატონ ალესანდრო სანნასთან ერთად, დიდი სიხარულით და მადლიერებით გახსნეს ორმოცი წიგნისგან შემდგარი თანამედროვე ლიტერატურის ძვირფასი სასაჩუქრე ნაკრები, რომელთა შორის არიან ცნობილი ავტორები: რიკარდი, მაზი, სერიანი, ბრუკი, ფერონი, მურჯა, დეზიატი, კარატი, კამილერი და სხვა მრავალი.

„ ასეთი ძვირფასი გზავნილის გახსნისთანავე  გაგვიჩნდა უდიდესი სურვილი, სასწრაფოდ დაგვეწყო კითხვა და თანამედროვე იტალიური ლიტერატურის ამ შედევრების გაცნობისგან მიგვეღო სიამოვნება.   უზომოდ მადლიერნი ვართ ასეთი ძვირფასი და შესანიშნავი საჩუქრისთვის! […] ანნა ბავშვივით გახარებული იყო, თითქოს ნაირფერი ტკბილეულის  მთა მიეღო საჩუქრად! ბატონმა სანნამ მიკელა მურჯას წიგნი ჩაიკრა გულში, თითქოს ეს სამშობლოს ძახილი  ყოფილიყო და მაშინვე სარდინიაზე ალაპარაკდა… „დანტეს საზოგადოების“ ამ ახალი პროექტის წყალობით რთულია იმ ემოციის ბოლომდე გამოხატვა, რაც გვაძლევს უდიდეს სტიმულს, რაც შეიძლება მალე, შევუდგეთ ამ პროექტზე მუშაობას“ .

(ნინო ცერცვაძე, „დანტე ალიგიერის საზოგადოება- თბილისის კომიტეტის პრეზიდენტი).

გაზიარება:

Leave a Reply