Blog

,,დანტეს“თბილისის კომიტეტის პრეზიდენტი, პროფესორი ნინო ცერცვაძე, დანტე ალიგიერის საზოგადოების საერთაშორისო, რიგით 84-ე კონგრესზე, მოხსენებით გამოვიდა თემაზე ,,როგორ დავაახლოვოთ ახალგაზრდები საერთაშორისო ქსელში მოქმედ კომიტეტებთან: რა სახის მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ქსელის სხვადასხვა ტერიტორიაზე”

12 სექტემბერს, რომში დანტე ალიგიერის საზოგადოების 84-ე საერთაშორისო კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას, თბილისის კომიტეტის პრეზიდენტი ნინო ცერცვაძე შეეხო ორგანიზაციისთვის ისეთ ფუნდამენტურ საკითხს, როგორიცაა, ახალგაზრდების დაახლოვება და ჩართულობა დანტე ალიგიერის საზოგადოების საერთაშორისო ქსელში მოქმედ კომიტეტებთან.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ახალი თაობის ჩართულობის მნიშვნელობასა და აუცილებლობას, სხვადასხვა პროექტის განხორციელების მიზნით, რომელსაც თბილისის კომიტეტი თავის დაფუძნების პირველივე დღეებიდან ეწევა და, რომლებიც, თავის მხრივ, ხელს უწყობენ როგორც ახალგაზრდებთან ცოცხალ კომუნიკაციას, ისე უზრუნველყოფენ მათი სურვილების, მისწრაფებებისა და მიზნების რეალიზებას.

პრეზიდენტ ნინო ცერცვაძის საერთაშორისო კონგრესზე მონაწილეობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის მიერ შეტანილ წვლილს, რომელიც ემსახურება დანტე ალიგიერის საზოგადოების ქსელში არსებულ კომიტეტებს შორის კავშირის გამყარებას, აგრეთვე, იტალიური ენისა და კულტურის მდიდარ ტრადიციებსა და ახალგაზრდულ სამყაროს შორის ერთგვარი ხიდის ფუნქციის როლის შესრულებას, სიახლეების დანერგვას, ადგილობრივი და საერთაშორისო რესურსების ეფექტურად გამოყენების გზით.

„თუ გვსურს, რომ დანტე ალიგიერის საზოგადოების კომიტეტებმა კიდევ უფრო ეფექტურად შეძლონ განვითარება და იტალიური კულტურისა და ენის წარმატებით გავრცელება მთელ მსოფლიოში, სასურველია, ვიზრუნოთ ახალგაზრდების ჩართულობაზე არა მხოლოდ სასწავლო პროცესში, არამედ მივცეთ მათ საშუალება, გახდნენ ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობისა და მრავალფეროვანი პროექტების აქტიური მონაწილეები“ – განაცხადა პრეზიდენტმა და ხაზი გაუსვა პროექტების მნიშვნელობას, რომლებიც შეესაბამება ახალი თაობის მისწრაფებებსა და ინტერესებს.

სიტყვით გამოსვლისას წამოჭრილ თემებს შორის, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა სკოლებთან და უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობის, ინტერაქტიული, კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისა და ციფრული პლატფორმების გამოყენების აუცილებლობას, ახალგაზრდებთან ეფექტური კომუნიკაციისთვის. ასევე, ისაუბრა დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის მიერ საქართველოში წამოწყებული არაერთი ინიციატივის წარმატების შესახებ, რაც ცხადჰყოფს, თუ როგორ შეიძლება გაიზარდოს მოზარდებისა და ახალგაზრდების ინტერესი იტალიური ენისა და კულტურის დინამიურ, ინოვაციურ ფორმატებში ჩართულობის მეშვეობით.

ახალგაზრდების ჩართულობის თემას მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო კონგრესზე, როგორც ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს, რაც დანტე ალიგიერის საზოგადოების მსოფლიო ქსელში მოქმედი კომიტეტების სამომავლო საქმიანობისთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს და მიზნად ისახავს, ახალგაზრდა კადრების ჩართულობით, კიდევ უფრო მეტი ინოვაციური მიდგომების, ახალი იდეებისა და მიმზიდველი პროექტების შეთავაზებას იტალიური ენისა და კულტურის შესწავლით დაინტერესებული პირებისთვის.

 


 


 

გაზიარება: