დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, მართავს დიდი იტალიელი პოეტის, დანტე ალიგიერის დაბადების დღისადმი მიძღვნილ კულტურულ ღონისძიებას, “Dantedì 2024“, რომელიც პოეტის დაბადების თარიღის ოფიციალურად დაწესების შემდეგ, კერძოდ, 2020 წლიდან მოყოლებული, აღინიშნება 25 მარტს, მთელ მსოფლიოში.
წელს, დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი დიდი პოეტის დაბადების დღეს საზეიმოდ აღნიშნავს ცნობილ ქართველ პოეტთან, საქართველოს ჰიმნის ავტორთან და დანტე ალიგიერის საზოგადოების ოქროს მედლის ლაურეატთან, დათო მაღრაძესთან შეხვედრით თემაზე-„მოქალაქეში ადამიანის გადასარჩენად“.
აღნიშნულ ღონისძიებაზე პოეტ დათო მაღრაძეს სიტყვით მიესალმება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე. პოეტი დათო მაღრაძე ისაუბრებს პოეზიის როლსა და მისიაზე თანამედროვე სამყაროში, ხოლო შეხვედრას მოდერირებას გაუწევს პროფესორი ნინო ცერცვაძე, დანტე ალიგიერის საზოგადოება–თბილისის კომიტეტის პრეზიდენტი.
ღონისძიებაზე დათო მაღრაძე წაიკითხავს იტალიაში გამოქვეყნებული კრებულებიდან რამდენიმე ლექსს მშობლიურ ენაზე და დამსწრე საზოგადოება მოისმენს ამავე ლექსების იტალიურ თარგმანს.
ფოტო–ვიდეო მასალა განთავსდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და დანტე ალიგიერის საზოგადოება–თბილისის კომიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდებზე.
ღონისძიება გაიმართება გ. ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში 2024 წლის 25 მარტს, 16:00 სთ–ზე, სტუს ადმინისტრაციულ კორპუსში.
მისამართი: მ. კოსტავას 77, ქ. თბილისი
ტელ.: 595 416 116, ელ. ფოსტა: info@dantetbilisi.ge, ვებ გვერდი: dantetbilisi.ge