#SLIM2022, იტალიური ენის XXII მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, რომელიც იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით ყოველწლიურად ტარდება და, რომლის წლევანდელი თემაა ,,იტალიური ენა და ახალგაზრდები”, 2022 წლის 19 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ოფიციალური ხელმოწერა და ერთობლივი საერთაშორისო პროექტის პრეზენტაცია.
პროექტი, რომლის სახელწოდებაა ,,საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დიდაქტიკური ცენტრის (,,დანტეს კაბინეტის“) გახსნა და იტალიური ენის ხარისხიანი სწავლების ინტერდისციპლინური კურსების ორგანიზება”, დაფინანსდა დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათაო ოფისის მიერ.
აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს იტალიური ენის უფასო სასწავლო კურსების ორგანიზებას, 2022-23 სასწავლო წლის 2 სემესტრის განმავლობაში ენის კომპეტენციის A1-A2 დონეებზე, კონკურსის წესით შერჩეული სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლებისა და სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
ღონისძიებას გახსნის და მოწვეულ სტუმრებს მიესალმება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე.
სიტყვით გამოვა, ასევე, საქართველოში იტალიის ელჩი, ბატონი ენრიკო ვალვო, რომელიც დამსწრე საზოგადოებას მიესალმება როგორც იტალიური ენის XXII მსოფლიო კვირეულისა და პროექტის პარტნიორი ინსტიტუციის ხელმძღვანელის სტატუსით.
პროექტის მიზნებსა და შინაარსზე ისაუბრებს პროექტის ინიციატორი, დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის პრეზიდენტი, პროფესორი ნინო ცერცვაძე.
ღონისძიებაზე მოხდება პროექტში მონაწილე იტალიური ენის კურსების პროფესორ-მასწავლებლების წარდგენა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ კონკურსში გამარჯვებულები (სტუ-ს 1 პროფესორი და 1 სტუდენტი).
ორგანიზატორები:
დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იტალიური ენისა და კულტურის ცენტრი
მისამართი: ქ. თბილისი, მერაბ კოსტავას 77, სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზი