Blog

ნინო სურგულაძის ვიზიტი დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტში

დღეს დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტთან არსებულ ,,დანტეს კაბინეტში“ ეწვია მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი მეცო-სოპრანო, ნინო სურგულაძე,  იტალიის ვარსკვლავის ორდენის კავალერი, რომელიც მას 2015 წელს იტალიის პრეზიდენტის განკარგულებით, დამსახურების დიპლომთან ერთად მიენიჭა.

დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის პრეზიდენტმა, პროფესორმა ნინო ცერცვაძემ დიდი სიხარულით უმასპინძლა მსოფლიოში სახელგანთქმულ ხელოვანს და საზოგადო მოღვაწეს, ნინო სურგულაძეს.  დაათვალიერებინა  თბილისის ,,დანტეს“  ახალი ჰიბრიდული აუდიტორია, რომელიც დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათაო ოფისის დაფინანსებით მოეწყო და, რომელიც სულ მალე მრავალფეროვან ღონისძიებებზე უმასპინძლებს ქართველ და იტალიელ სახელოვნებო და კულტურის სფეროს გამოჩენილ მოღვაწეებს.

ნინო სურგულაძე თანამედროვე საოპერო სცენის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი ვარსკვლავია. იტალიაში მრავალი წელი დარჩა და, როგორც თავად ამბობს, სწორედ იტალიამ გაუხსნა მას გზა მსოფლიოს მრავალი სახელოვანი სცენისკენ. კონკურსის სახელწოდებით- “GB ოსკარ ოპერისა და ბალეტის სრულყოფილება” -მიერ  საუკეთესო მეცო-სოპრანო მომღერლად აღიარებული ნინო სურგულაძე საქართველოსა და იტალიის ქვეყნებს შორის კულტურული დიპლომატიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია.

გარდა არაჩვეულებრივი ნიჭისა, ნინო სურგულაძე ცნობილია თავისი საქველმოქმედო საქმიანობით. ის არის ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის -“ნატვრის ხე“- დამფუძნებელი, რომლის მიერ თბილისში ორგანიზებულ გალა კონცერტებში,  საპატიო სტუმრის სტატუსით,  სოფია ლორენმა და მრავალმა გამოჩენილმა იტალიელმა საოპერო მომღერალმა მიიღო მონაწილეობა.

დანტე ალიგიერის საზოგადოება და  თბილისის  კომიტეტი, დიდი პატივისცემით, მადლობას უხდის ქალბატონ ნინო სურგულაძეს ამ ძვირფასი შეხვედრისთვის და ახლო მომავალში კულტურულ ღონისძიებებში თანამშრომლობის იმედს გამოთქვამს.

გაზიარება:

Leave a Reply