ვინ არიან კონკურსის ჟიურის წევრები
შემოქმედებითი კონკურსის “მაკარონის ხელნაკეთობების” მესამე გამოცემა ტარდება მსოფლიოში იტალიური სამზარეულოს VI კვირეულის ფარგლებში, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის ორგანიზებითა და საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით. კონკურსს შეაფასებს 6 წევრისგან შემდგარი კომპეტენტურ ჟიური. სამწუხაროდ, პანდემიით შექმნილი ვითარების გამო, გამოფენა წელსაც მხოლოდ ონლაინ იქნება ხელმისაწვდომი და ჟიურის წევრები დისტანციურად წარმოადგენენ შეფასებას.
ჟიურის თავმჯდომარეს, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის პრეზიდენტს, ნინო ცერცვაძეს, ჟიურის სხვა წევრებთან ერთად, დაეკისრა საპასუხისმგებლო მისია, მონაწილეების ასაკის გათვალისწინებით და კრეატიულობისა და ფანტაზიის კრიტერიუმებზე დაყრდნობით, გამოავლინოს „უმი პასტით“ შექმნილი საუკეთესო ნამუშევრები. ჟიური დაკომპლექტდა კულტურის სფეროს, დიპლომატიური წრეებისა და საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლებისაგან: ნიკოლა იორიო, საქართველოში იტალიის ელჩის მოადგილე, მარიამ ბოჭორიშვილი, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი იტალიაში, თამარ მამასახლისი, პარმის უნივერსიტეტის მოსამზადებელი პროგრამის PIFY-ს კოორდინატორი, ზურაბ გომელაური, ცნობილი მხატვარი და ფერმწერი და გივიკო ქობულია, ცნობილი არქიტექტორი და დიზაინერი (Kobulias & Partners).
კვირას, 21 ნოემბერს, 18:00 საათზე ამოიწურა საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის (ელ.ფოსტის მისამართზე italsimpatia@gmail.com გაგზავნის) ვადა. სამშაბათს, 23 ნოემბერს, 18:00 საათზე გამოქვეყნდა კონკურსში მონაწილე ნამუშევრების მულტიმედიური ონლაინ გალერეა (https://bit.ly/2ZgjzwN), რომელიც ოფიციალურად გააზიარა დანტე ალიგიერის საზოგადოების ყველა არხმა.
მულტიმედიური გალერეა წარმოგიდგენთ ნამუშევრებს მონაწილის სახელის, გვარის, ასაკისა და სკოლის მითითებით.
ჟიურის წევრები შეაფასებენ ნამუშევრებს არაუგვიანეს 26 ნოემბრის (პარასკევი) 14:00 საათისა.
ნამუშევრის შეფასების წესი: ყველა ნამუშევარს აქვს საკუთარი ჰეშთეგის კოდი (იხ. მულტიმედიური გალერეა https://bit.ly/2ZgjzwN). ჟიურის თითოეული წევრი გამოავლენს 5 საუკეთესო ნამუშევარს, მონაწილის ასაკისა და ნამუშევრის მხატვრული ღირებულების გათვალისწინებით. შეფასებისას უპირატესობა მიენიჭება ნამუშევრებს, რომლებშიც ძირითად მასალად გამოყენებულია „უმი პასტა“. ჟიურის თითოეული წევრი საკუთარ შეფასებას წარმოადგენს შესაბამისი ჰეშთეგების მითითებით რეიტინგის ზრდის მიხედვით. მაგალითად: # 1 # 4 # 9 # 6 # 3.
პირველ ჰეშთეგს მიენიჭება 5 ქულა, მეორეს – 4 ქულა, მესამეს – 3, მეოთხეს – 2, მეხუთეს – 1. ჟიურის თითოეული წევრის მიერ შერჩეული ნამუშევრების ქულების ჯამი ქმნის ფინალურ რეიტინგს.
ჯამური ქულების ფინალური რეიტინგი გამოქვეყნდება ონლაინ, 27 ნოემბერს, შაბათს, 18 საათზე საიტზე dantetbilisi.ge და კომიტეტის ყველა სოციალურ არხზე.
დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი ითვალისწინებს ღონისძიების შემოქმედებით, საგანმანათლებლო და სოციალურ დატვირთვასა და სულისკვეთებას, გამარჯვებულად მიიჩნევს კონკურსის ყველა მონაწილეს და თბილისში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, დააჯილდოებს ყველას, ვინც კონკურსში მონაწილეობით გამოხატა სიყვარული იტალიის მიმართ.
ჟიურის წევრები:
ნიკოლა იორიო-საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე
მარიამ ბოჭორიშვილი-საქართველოს ახალგაზრდა ელჩი იტალიის რესპუბლიკაში
ნინო ცერცვაძე-დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის პრეზიდენტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
ზურა გომელაური - მხატვარი
გივიკო ქობულია-არქიტექტორი, არქიტექტურული კომპანია Kobulias & Partners-ს დამფუძნებელი
თამარ მამასახლისი - იტალიური ენის პედაგოგი, პარმის უნივერსიტეტის მოსამზადებელი პროგრამის კოორდინატორი
იხილეთ ფინალური ქულები და კონკურსში გამარჯვებული მონაწილეების სია 27 ნოემბერს, შაბათს, 18.00-ზე.